English / ქართული / русский /
ავთანდილ სულაბერიძე
საქართველოს სტუდენტთა მიგრაციული ქცევის მოტივაცია და მისი მოსალოდნელი შედეგები

ანოტაცია. სტატიაში დასაბუთებულია, რომ საქართველოს მიგრაციული პროცესები ექვემდებარება მიგრაციის ზოგად კანონზომიერებებს და მიგრაციის არსებული თეორიებიდან გამომდინარეობს შესაბამისად, მიგრაციის ნეოკლასიკური და სოცოლოგიური კონცეფციების ფონზე მოცემულია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სწავლის დამთავრების შემდეგ უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტთა მიგრაციის მოტივაციები და უკან დაბრუნების პირობები. 

განხილულია სტუდენტთა მიერ სასწავლებლად არჩეული ქვეყნის და უნივერსიტეტის პრიმატის მიზეზი და უცხოეთში განათლების მისაღებად წასულ სტუდენტთა მოსალოდნელი დადებითი და უარყოფითი სოციალურ-დემოგრაფიული და ეკონომიკური შედეგები.

საკვანძო სიტყვები: ემიგრაცია, სტუდენტი, განათლება, მიგრაციის მოტივაცია, ემიგრაცია, ეგზოტიკური მოსახლეობა.

შესავალი

მიგრაციული გადასვლის თეორიის შესაბამისად, საქართველო იმყოფება მიგრაციული გადასვლის მეორე ეტაპზე, რომლის თანახმადაც, უმუშევრობის მაღალი და ცხოვრების დაბალი დონე აიძულებს მოსახლეობას, სამშობლოს გარეთ, უცხო ქვეყანაში ეძებოს დასაქმების წყარო და უზრუნველყოს პირადი და საკუთარი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მიგრაციული პროცესები არსებითად უკავშირდება მიგრაციის ნეოკლასიკურ თეორიას [წულაძე გ... 2015:.42-50], რამდენადაც საქართველოს ეკონომიკა ხასიათდება კაპიტალთან შედარებით შრომის მაღალი წილით და დაბალი საბაზრო ანაზღაურებით, მაშინ როდესაც ევროპის მაღალგანვითარებული ქვეყნები გამოირჩევიან კაპიტალთან შედარებით შრომის დაბალი წილით და მეტი საბაზრო ანაზღაურებით. სწორედ ეს სხვაობა უბიძგებს საქართველოს მოსახლეობას უცხოეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ემიგრაციისკენ. შედეგად კი, სამუშაო ძალა თავისი ადამიანისეული კაპიტალით საქართველოში მცირდება, თუმცა მათი ანაზღაურება მნიშვნელოვნად არ იზრდება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში შრომითი მიგრაციის ხარჯზე სამუშაო ძალის რაოდენობა იზრდება, ხოლო ემიგრანტთა (განსაკუთრებით არალეგალების) ანაზღაურება მცირეა, საქართველოსთან შედარებით, ამ ქვეყნებში თუნდაც დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე დასაქმებულის ხელფასი ბევრად აღემატება საქართველოში არსებულ მაღალკვალიფიციურ სამუშაოზე დასაქმებულის არსებულ ანაზღაურებას. სწორედ აღნიშნულის გამო იკავებენ თავს სტუდენტები უკან დაბრუნებაზე განათლების მიღების შემდეგ.

გარდა მიგრაციის ეკონომიკური თეორიებისა, გასათვალისწინებელია მიგრაციის სოციოლოგიური თეორიებიც [წულაძე გ... 2015: 39-53], რომელიც განსხვავებით ეკონომიკური ფაქტორისა, ითვალისწინებს მიგრაციის ისეთ სოციალურ-დემოგრაფიულ ფაქტორებს, როგორიცაა: განათლების მიღების სურვილი, დევნილობა, უკეთეს პირობებში ცხოვრების სურვილი, ქორწინება, შვილიანობა და სხვა. ეს ფაქტორები განსაზღვრავს მიგრაციის პოზიტივს მიგრანტთა მიმღებ განვითარებულ ქვეყნებში და ნეგატივს საქართველოში. შესაბამისად, რაც უფრო მეტია მიგრაციის პოზიტიურ და ნეგატიურ ფაქტორებს შორის სხვაობა, მით უფრო მაღალია მოსალოდნელი ემიგრაცია სხვა ქვეყანაში.

საქართველოს მოსახლეობის ემიგრაციის სხვა მიზეზებთან ერთად, კვალიფიციური განათლების მოთხოვნილება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, პრაქტიკულად ჯდება აღნიშნულ თეორიაში, რაც განაპირობებს მათი უცხო ქვეყანაში დარჩენის დიდ ალბათობას.

ამ თვალსაზრისით, თუ მოსახლეობა 1993-2003 წლებში უცხოეთში ძირითადად დასაქმების მიზნით მიდიოდა, 2004 წლიდან ვითარება გარკვეულწილად შეიცვალა და ემიგრანტთა მნიშვნელოვან ნაწილს (50%-ზე მეტი) ახალგაზრდობა წარმოადგენს, რომელთა ემიგრაციის ძირითადი მოტივაცია, დასაქმებასთან ერთად, უპირველესად განათლების მიღების სურვილია. ეს უკანასკნელი კი მიუთითებს, ერთი მხრივ, საქართველოს განათლების სისტემის დაბალ დონეზე, მეორე მხრივ, მომზადებულ სპეციალისტთათვის, დასაქმების დეფიციტთან ერთად, შრომის ანაზღაურების შეუსაბამო დაბალ დონეზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის მარტში შევისწავლეთ თბილისის, ქუთაისის და ბათუმის უნივერსიტეტების სტუდენტთა მიგრაციული განწყობები. სულ გამოიკითხა 900 სტუდენტი. კვლევამ დაადასტურა ზემოთქმული, რომ ერთი მხრივ, საქართველოს განათლების სისტემა ვერ პასუხობს ქართველ სტუდენტთა სასურველი განათლების დონის მიღების მოთხოვნილებას, მეორე მხრივ, ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს მათ დასაქმებას და შრომის ანაზღაურების შესაბამის პირობებს. შესაბამისად, სტუდენტთა ემიგრაციულ განწყობას აღნიშნული ორივე ფაქტორი ერთობლიობაში განაპირობებს. 

კვლევის შედეგები 

როგორც გამოკვლევამ გვიჩვენა, საქართველოს სტუდენტთა განათლების მოთხოვნილების სტრუქტურაში (ცხრილი 1) აშკარად გამოკვეთილია ეკონომიკის და ბიზნესადმინისტრირების სპეციალობობები (45,6%), ამასთან, ამ სპეციალობების არჩევანი მეტია გოგონებში (46,7%) ვაჟებთან (44,5%) შედარებით. არჩეული სპეციალობების მიხედვით გოგონები ჭარბობენ ვაჟებს საბუნებისმეტყველო და სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებებით, თანაბრადაა არჩეული ჰუმანიტარული სპეციალობები, ხოლო დანარჩენი მიმართულებით ვაჟთა რაოდენობა აღემატება გოგონებს, განსაკუთრებით, საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ აგრონომიის სპეციალობით ძირითადად ვაჟები სწავლობენ, რაც, სავარაუდოდ და სამწუხაროდ, მიანიშნებს იმაზე, რომ სოფლის მეურნეობით, თუნდაც მცირე ბიზნესის თვალსაზრისით, გოგონები ნაკლებად არიან დაინტერესებულნი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სტუდენტთა 12,3% აპირებს სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში, ხოლო 26,8% _ მუშაობის დაწყებას, 10,1%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, ხოლო 0,5%, რომელთაგან უმეტესობა ქალია, საზღვარგარეთ აპირებს წასვლას.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა უმრავლესობა _ 46,6% სწავლის დამთავრების შემდეგ აპირებს მუშაობას. ამასთან, სწავლის გადასახადის სიძვირის და საერთოდ სტუდენტთა ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო, მათი 21,3% სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა, 24,1% ამჟამადაც მუშაობს, ხოლო 10,4% მხოლოდ არდადეგების პერიოდში მუშაობს. გამოკითხულთა 44,3%-ს არასოდეს უმუშავია. რაც შეეხება სტუდენტთა ყოველთვიურ ანაზღაურებას, იგი 200 ლარიდან (4,7%) 1000 ლარზე მეტს შორის მერყეობს (2,8%), მათი უმეტესობის (23,1%) ხელფასი საშუალოდ 300-დან 700 ლარს შეადგენს. ხოლო 700 ლარზე მეტს სტუდენტების უფრო მოკრძალული რაოდენობა იღებს – 8,7%. გარკვეული სხვაობაა გენდერული თვალსაზრისით. კერძოდ, 300-დან 500 ლარამდე საშუალოთვიური ხელფასი ვაჟების (24,5%) უფრო მეტ რაოდენობას გააჩნია, ვიდრე გოგონებისას (21,8%). თუ 200-დან 300 ლარამდე ხელფასით ქალთა რაოდენობა (14,2%) აჭარბებს ვაჟთა (11,2%) რაოდენობას, 700 ლარის ზემოთ ხელფასით ვაჟთა (12,7%) დომინირებადაშკარაა ქალთა რაოდენობაზე (8,7%). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტუდენტთა 55,5%-ს ხელფასი არ გააჩნია, მათგან 51,6% ვაჟს და 58,9% გოგონას.

                                                                                                                                          ცხრილი 1

განათლების ზოგიერთი მიმართულებით გამოკითხულ სტუდენტთა სტრუქტურა (%-ით) 

 

ეკონომიკა  და ბიზნე

ადმინისტ

რირება

ჰუმანიტა

რული

საბუნების

მეტყველო

მედიცინა

ტურიზმი

სამართალი

სოცია

ლურ-

პოლი

ტიკური

საინჟინრო-

ტექნიკური

აგრონო

მია

სულ

45,6

11,7

6,8

4,1

6,0

6,1

7,8

10,6

1,3

ვაჟი

44.5

8.8

5.8

6.0

6.5

6.5

6.5

14.3

1.3

ქალი

46.7

14.8

8.1

2.5

5.6

5.8

9.2

7.2

0.0

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიის და სოციოლოგიის ინსტიტუტის 2018 წლის სოციოლოგიური გამოკვლევის `სტუდენტთა მიგრაციული განწყობა" _ მასალები. 

დასაქმების უიმედობა და დასაქმებისას დაბალი ანაზღაურება მნიშვნელოვნად განაპირობებს მიგრაციას უცხოეთში. გამოკითხულ სტუდენტთაგან მეოთხედი აპირებს უცხოეთში წასვლას, უახლოეს 3 წელიწადში, ხოლო 16,3% 3 წლის შემდეგ. მათგან განსხვავებით, ნახევარზე მეტი (55,6%) არ აპირებს წასვლას და საკუთარ ქვეყანაში სურს მოღვაწეობა, რაც დემოგრაფიული ფონის თვალსაზრისით გარკვეული იმედის მომცემია. თუ უახლოეს 3 წელიწადში ვაჟთა და ქალთა თითქმის თანაბარი წილი (შესაბამისად 23,3 და 25,3%) აპირებს უცხოეთში წასვლას, 3 წლის შემდეგ წამსვლელთა რაოდენობაში ქალები (19,3%) აღემატებიან ვაჟებს, თუმცა არცთუ მნიშვნელოვნად (5%-ით). რაც შეეხება სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოში დარჩენის მსურველთა რაოდენობას, აქ ვაჟთა რაოდენობა (59,6%) 6,6%-ით აღემატება გოგონათა რაოდენობას, რაც დემოგრაფიული თვალსაზრისით არცთუ კარგი მაჩვენებელია.

უცხოეთში წასვლის მსურველ სტუდენტთაგან მხოლოდ სწავლის გაგრძელების მიზნით წასვლას აპირებს 26,9%, ხოლო მხოლოდ მუშაობის სურვილით 14,1%, უცხოეთში წამსვლელ სტუდენტთა უმრავლესობა (59,0%) აპირებს დასაქმებას შეუთავსოს სწავლა. ეს უკანასკნელი, სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოში დასაქმების უიმედობასთან ერთად, მიანიშნებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების დაბალ დონეზე. ნიშანდობლივია ერთი რამ, სტუდენტებს გაცნობიერებული აქვთ, რომ საბჭოთა პერიოდის მსგავსად, მხოლოდ დიპლომის აღება არ ნიშნავს პროფესიის მაღალ დონეზე დაუფლებას და საბაზრო ეკონომიკა მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს, რომლის დაუფლება, მათი აზრით, უცხოეთში უფრო შესაძლებელია, ვიდრე საქართველოში. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სწავლის გაგრძელების მიზნით უცხოეთში წამსვლელ გოგონათა წილი (63,6%) თითქმის ორჯერ (1,7-ჯერ) აღემატება ვაჟებისას, მაშინ, როდესც მხოლოდ სამუშაოდ წასვლის სურვილით საპირისპირო სურათია და ვაჟთა წილი (60,3%) თითქმის იმდენჯერვე (1,5-ჯერ) აღემატება გოგონებისას (39,7%), რაც ნიშნავს, რომ ვაჟები თანახმანი არიან უცხოეთში შეასრულონ ნებისმიერი დაბალკვალიფიციური სამუშაო. რაც შეეხება სამუშაოსთან შეთავსებით სწავლის გაგრძელების სურვილს ემიგრაციაში, ამ შემთხვევაში გოგონების წილი (56,6%) 13,2%-ით აღემატება ვაჟებსას.

უცხოეთში პოტენციურ წამსვლელთაგან უცხო ენებიდან ფლობს: ინგლისურს _ 54,8%, რუსულს _ 26,7%, გერმანულს _ 7,6%, ფრანგულს _ 1,3%, სხვა ენებს ერთად აღებულს _ 3,6%, არც ერთ ენას არ ფლობს გამოკითხულთა 20,3%, რაც უცხოეთში სწავლის პროცესში მათ საკმაო სირთულეებს შეუქმნის.

განათლების მიღების მიზნით სტუდენტთა მიერ შერჩეული ქვეყნები ძირითადად ასე ნაწილდება: გერმანია _ 37,2%, აშშ _ 16,8%, დიდი ბრიტანეთი _ 11,4%, იტალია _ 5,4%, საფრანგეთი და რუსეთი _ 3,4%, ხოლო დანარჩენი ქვეყნები რეიტინგული თვალსაზრისით 0,1-დან 2,6%-ის ფარგლებში ვარირებს.

სასწავლებლად წამსვლელთა მიერ არჩეულ ქვეყანაზე პრიმატი ძირითადად მიენიჭა მათი უახლოესი ნათესავის ან მეგობრის იქ ცხოვრობას, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან მათ _ 13,2%. სასწავლებლად წამსვლელ სტუდენტთა მიერ ქვეყნის შერჩევისას ძირითადად გათვალისწინებულ იქნა შემდეგი ფაქტორები: არჩეულ ქვეყანაში იმ უმაღლესი სასწავლებლის არსებობა, რომელშიც სურს სწავლის გაგრძელება _ 40,6%; პროფესიული გამოცდილების მეტი შესაძლებლობა _ 19,8%; დასაქმების მეტი შესაძლებლობა _ 17,6; აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა 3,8%-მა პრიორიტეტი მიანიჭა იმას, რომ კარგად იცნობს არჩეული ქვეყნის საემიგრაციო პოლიტიკას (პირობებს), რისი ცოდნაც უცხოეთში ნებისმიერ ემიგრანტს წაადგება. სასიამოვნო ის ფაქტიც, რომ სტუდენტთა უმრავლესობის მიერ (40,6%) ქვეყნის შერჩევა ძირითადად ხდება სასურველი სასწავლებლის შესაბამისად. ამ ფონზე კი ნეგატიურია ის ფაქტი, რომ სტუდენტთა 63,5%-ს ჯერ არ შეურჩევია უმაღლესი სასწავლებელი.

სასწავლებლის შერჩევის კრიტერიუმებს შორის სტუდენტების მიერ ძირითადად გათვალისწინებულ იქნა: სწავლისა და დასაქმების შეთავაზების მეტი შესაძლებლობა _ 32,2%, სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა _ 11,2%, სტაჟირების მეტი შესაძლებლობა _ 10,6%. საგულისხმოა, რომ რესპონდენტების 28,8%-ს პასუხი არ გაუცია, რაც, ჩვენი აზრით, მიუთითებს მათ მიერ სასწავლებლის შერჩევის კრიტერიუმების უგულებელყოფაზე.

საინტერესოა, რომ სტუდენტთა უმრავლესობას _ 62,9%-ს სწავლის გაგრძელება სურს მაგისტრატურაში, 10,1%-ს _ დოქტორანტურაში, 2,2%-ს _ სამედიცინო რეზიდენტურაში, 13,7%-ს ცალკეულ მოკლევადიან პროგრამებში, რაც მიუთითებს სტუდენტთა სურვილზე, მიიღონ მაღალი დონის პროფესიული განათლება. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა მხოლოდ 9,4% აპირებს ბაკალავრიატის დონეზე სწავლას უცხოეთში. სტუდენტთა 65,5% აპირებს თავისი სპეციალობით სწავლის გაგრძელებას, 23,2% _ მონათესავე სპეციალობით, 17,3% _ უფრო ფართო პროფილით, ხოლო 5,6% აპირებს სპეციალობის შეცვლას.

მოყვანილი სტატისტიკა გარკვეულწილად მიანიშნებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე. საქმე ისაა, რომ სტუდენტებს არ აკმაყოფილებთ საქართველოში სწავლის ხარისხი, რაც უბიძგებს მათ მაღალხარისხიანი განათლების მისაღებად უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიგრაციისკენ. ეს, თავის მხრივ, ცუდი არ არის ადამიანისეული კაპიტალის ზრდისთვის, მაგრამ აქვე იბადება კითხვა: დაბრუნდებიან თუ არა ისინი სამშობლოში უცხოეთში განათლების მიღების შემდეგ. გამოკვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულ სტუდენტთა 56,4% აპირებს უკან დაბრუნებას, 53,2% დაბრუნებაზე გადაწყვეტილებას სწავლის დამთავრების შემდეგ, ხოლო 3,6% არ დაბრუნდება. თუ განვიხილავთ საკითხს გენდერულ ჭრილში, იგი შემდეგნაირად წარმოგვიდგება: თუ გოგონათა 52,6%, ხოლო ვაჟთა 45,7% ნებისმიერ შემთხვევაში დაბრუნდება, უკან დაბრუნებაზე სწავლის დამთავრების შემდეგ გადაწყვეტილებას აპირებს ქალთა 45,3% და ვაჟთა 49,6%, უკან არ სურს დაბრუნება ქალთა 2,1 და ვაჟთა 4,7%-ს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სტუდენტთა გარკვეული ნაწილი (თუნდაც მცირე) სწავლის დამთავრების შემდეგ, მიიღებს გადაწყვეტილებას უკან არ დაბრუნდეს, შესაძლებელია უკან არ დაბრუნდეს ახალგაზრდობის საკმაოდ დიდი ნაწილი. ეს კი ერთი მხრივ, დემოგრაფიული თვალსაზრისით შეამცირებს მოსახლეობის აღწარმოების ისედაც დაბალ მაჩვენებელს, მეორე მხრივ, ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანა დაკარგავს მაღალი განათლების მქონე ადამიანისეულ კაპიტალს [International Migration Report 2015 Highlights UN NewYork, 2016].

მიგრაციის კანონზომიერი ბუნებიდან გამომდინარე, ქვეყნიდან გასულის ადგილს შემოსული მიგრანტი იკავებს. ბოლო პერიოდში საქართველოში  გაძლიერდა მასზე უფრო დაბალგანვითარებული (აფრიკის და აზიის)  ქვეყნებიდან მიგრაცია. ამ ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაბალი ტემპებიდან გამომდინარე, დიდია ალბათობა, რომ საქართველოში გაიზარდოს ამ ქვეყნებიდან შემოსული დაბალანაზღაურებაზე მომუშავე დაბალი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის რაოდენობა, რაც შრომის ბაზარზე კონკურენციას გაუწევს ადგილობრივ, უკეთესი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალას. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა უცხოეთიდან საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განათლების მიღების სურვილით შემოსული მიგრანტების ზრდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის "მწვანე კავკასიის" [აბულაძე მ. 2018] 2018 წლის ანგარიშგების თანახმად, 2016 წელს საქართველოში სხვა ქვეყნის მოქალაქე იმიგრანტების რაოდენობა 43142 კაცი იყო, რაც ქვეყნის მოსახლეობის 1,2%-ს შეადგენდა. ამავე ანგარიშგების თანახმად, 2017 წელს 78218 იმიგრანტი აღირიცხა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 8,1%-ს შეადგენს. საქსტატის მონაცემებით უცხო ქვეყნის მოქალაქე იმიგრანტთა რაოდენობა 2012-2016 წწ. 39890 კაციდან 43142 კაცამდე გაიზარდა, რაც იმიგრანტთა მზარდ დინამიკაზე მეტყველებს.

საყურადღებოა უცხოელ სტუდენტთა მზარდი დინამიკა, რომელმაც 2017-2018 წლებში 12 ათასს გადააჭარბა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს 56 უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს 10306 სტუდენტი მსოფლიოს 89 ქვეყნიდან, რაც მიანიშნებს საქართველოში განათლების მიღების სურვილის ზრდაზე, მათ შორის გამოიყოფა სტუდენტთა დიდი ნაკადი _ 38% ინდოეთიდან და მისი მეზობელი ქვეყნებიდან (შრი-ლანკა, ბანგლადეში, ნეპალი). ბოლო წლებში მცირედით გაიზარდა სტუდენტთა რაოდენობა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდანაც (თურქმენეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი). 2011 წლიდან საქართველოში ბევრი სტუდენტი ჩამოდის სასწავლებლად აფრიკის კონტინენტის შორეული ქვეყნებიდანაც, რომელთა შორის დიდ ნაწილს ნიგერიიდან სასწავლებლად ჩამოსულები შეადგენენ (უცხოელ სტუდენტთა 5%). როგორც სასწავლებლად ჩამოსული მიგრანტების ანალიზიდან ირკვევა, ყველაზე დიდია მოთხოვნა სამედიცინო განათლებაზე, რომელიც სულ უფრო მზარდია.

დასკვნა

როგორც გამოკვლევამ გვიჩვენა, უცხოეთში განათლების მისაღებად წასულმა სტუდენტებმა, ერთი მხრივ დადებითი, ხოლო მეორე მხრივ უარყოფითი სოციალურ-დემოგრაფიული და ეკონომიკური შედეგი შეიძლება მოიტანოს. საქართველოს მიგრაციული პროცესები ექვემდებარება მიგრაციის ზოგად კანონზომიერებებს და გამომდინარეობს მიგრაციის არსებული თეორიებიდან, რომელიც, მეცნიერული დასკვნების საფუძველზე, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ.

მიგრაციის სოციოლოგიური თეორიიდან გამომდინარე, ქართველ ემიგრანტ- სტუდენტთა ზრდის ფონზე, უცხოელ იმიგრანტ-სტუდენთა ზრდამ, არ არის გამორიცხული, ქვეყნის „საქორწინო ბაზარზე" საქმროთა დეფიციტის პირობებში, მათი საქართველოს მოქალაქეებზე ქორწინებით „ეგზოტიკური ოჯახების" (სხვადასხვა, რელიგიის, ეროვნების და რასისგან შემდგარი ოჯახების) მომრავლებას შეუწყოს ხელი. ეს მომენტი ადამიანის უფლებათა კონვენციის შესაბამისად მისაღებია, მაგრამ ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის მოსახლეობა და ხელისუფლება ჯერჯერობით ასეთი ფაქტების მიმართ მოუმზადებელია, რასაც, რომ აღარაფერი ვთქვათ ეთნიკური კონფლიქტებით დაკარგულ ტერიტორიებზე, ცალკეული ლოკალური რელიგიური თუ ეთნიკური მცირე კონფლიქტები ადასტურებს.

შესაბამისად, ხელისუფლებამ მხედველობაში უნდა მიიღოს საქართველოს მიგრაციული ბრუნვა და დროულად შეიმუშაოს ქვეყნის უსაფრთხო სოციალურ-დემოგრაფიული განვითარების პროგრამები და ბიუჯეტში გაითვალისწინოს მისი ფინანსური უზრუნველყოფა.

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. აბულაძე მ. 2018. ა(ა)ბიპ მწვანე კავკასია. საჯარო ინფორმაცია იმიგრაციის შესახებ. თბილისი.
  2. სულაბერიძე ა. 2002. დემოგრაფიული ექსპანსია. ჟ. "სოციალური ეკონომიკა", #5.
  3. სულაბერიძე ა. მიგრაციის სტატისტიკური აღრიცხვის მეთოდოლოგიური პრობლემები და მისი შედეგი საქართველოში. 2017. ჟ. „მიგრაცია" №8. 
  4. წიკლაური შ., სულაბერიძე ა., გომელაური ნ. მიგრაციის... 2015. სტატისტიკის მონაცემების ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან. იტალია. ქ. ვენეცია.

http://meetings.sisstatistica.org/index.php/ginilegacy/SIS2015/search/authors/view

  1. წულაძე გ., სულაბერიძე ა. 2015. დემოგრაფიის საფუძვლები. თბილისი.
  2. Sulaberidze A. 2008. Distorted Migration Temps: Cui Bono? The Caucasus and Globalizacion. Journal of Social, Political and Economic Studies. Volume 2. Issue 1.
  3. Sulaberidze A. Toward Poverty Eradication in Georgia. Poverty in Transition and Transition in Poverty. Published in Association with UNESCO.1999. p. 147- 195.
  4. Haas, de H., K. Natter and Vezzoli S. 2016. “Growing Restrictiveness or Changing Selection? The Nature and Evolution of Migration Policies”. International Migration Review, 50 (3), 1–44 , DOI: 10.1111/imre.12288
  5. International Migration Report 2015 Highlights United Nation NewYork, 2016.
  6. Сулаберидзе А.В. 2001. Политико-демографические аспекты насильственной миграции. Ж. «Мацне».Т.9 № 4